გურამ დოჩანაშვილი - / -****ორნი აქა - იქ****- / - ნაწილი 1- ქართული პროზა ბლოკჩეინზე
ორნი აქა - იქ
ესე ამბავი შესაძლოა ზოგან გამოგონილად მოეჩვენოს ვისმე, მაგრამ არა, არაა მთლად გამონაგონი.
მონადირე
- ძალიან გეტკინა, შვილო? - იქა ჰკითხეს.
ფერები იყო უცხო, საკვირველი, დაბინდულივით, მაგრამ სუყველა შინაგანად აბჟუტებული, მსგავსი სილამაზე კი არა, რაღამეტი, რომ არნანახი სილამაზეც აღარ ეთქმოდა, სჭვიოდა იქა, დართადერთი სამხმოვანება გაისმოდა, მაგრამ ისეთი, მარადიულად წელადი და მომცველი ისე, ვიღას და რაღას არ ჩაიტევდა, და გოგონამაც, ვინც ვეღარ ხედავდა თავის სუსტსა და გამხდარ სხეულს, მაგრამ აშკარად გრძნობდა, რომ უფრო იყო,ოყო, თანაც, რამდენად უკეთესად და უკეთესი, ფერებს გაოცებული აღიქვამდა და სამხმოვანებით გაჟღენთილიყო, ეს რა ყოფილა ნეტარება, მაგრამ როდესაც ისევ გაუმეორეს, როგორი მაღლივის ხმით მერე, - „ძალიან გეტკინა, შვილო?“- ხმადაბლა მიუგო და უთხრა: - მე არ მოველოდი.
უხილავ თავზე, ჭრილობასთან, წყნარად დაედო ფრთხილი, ფაქიზი,დაუჯერებლად მომფერებელი, დაკოჟრილი დიადი ხელი: - ჩემი იქნები. აღარაფერი შეგაჭირვებს. აღარასოდეს. გიხაროდენ.
- თქვენ... მაპატიეთ, - მორიდებით უთხრა გოგონამ, ძალიან-ზე მეტად ღელავდა. - თქვენ სწორედ ის ხართ?
- მამა დამიძახე.
გოგონას ადრე, დედამიწაზე, სიხარულით არასოდეს უტირია, როგორღაც ბედი არ სწყალობდა, იმისი არ ესმოდათ, და გულდაწყვეტით ხშირად აცრემლდებოდა ხოლმე, ახლა კი უხილავ, ფერმკრთალ ღაწვებზე სიხარულის ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და ეწვეთებოდა იმ პატარა მკერდზე, რომლითაც მერე და მერე, დრო რომ დადგებოდა, აქ, ქვემოთ, ბავშვი უნდა ესაზრდოებინა, მაგრამ ის დრო ვეღარ მოვიდოდა, რადგან ერთ-ერთმა ბარიანმა სწორედ მასზე შემართა ბარიანი ხელი; სწორედ იმ ჩამქრალ სადედო მკერდზე ეწვეთებოდა სიხარულის მლაშე ცრემლები, იმან კი, თავად მამამ, თქვა: - ჯერ მარიამთან მიიყვანეთ.
და უხილავ მხრებში მაშინვე ფაქიზად შეუდგა ორი ცისარტყელა. გოგონა რა, სხეული როცა ჰქონდა, მაშინაც კი ძალიან მჩატე იყო, ციმციმ წაიყვანეს.
აქა კი, ქვემოთ, მონადირე იმის ახლახანა საფლავთან გულგასიებული იდგა და, კიდევ კარგი, ტიროდა, რადგან ცრემლს ვაება ასე თუ ისე გამოჰქონდა. საფლავის ქვაზე ასე ეწერა: -რამდენისა გამოდიოდა და, ცოტასი...
დიდმა მარიამმა, მზე მარიამმა, მზემ, მიიახლოვა და გულში ჩაიკრა, ჭრილობაზე აკოცა, გაათბო; ეფერა, ეფერა, როგორ მშვიდად და წყნარად, ფერხთით დაისვა მერე.
აქ, ყველაზე დიდ ქალბატონთან, უხვ მარიამთან, სამხმოვანებისგან როგორღაც უფრო გამოირჩეოდა შუა ბგერა, მაგრამ აქ ბგერა აუარება ხმიანებას მოიცავდა, ეს შუა ბგერა, რომელსაც ერქვა „ძე“, იყო მბრძანებლურიც და მუდარიანიც, „არამოიღო... არა... არა... არა ჰქმნე...“, და, „გიყვარდეს... გიყვარდეს... პატივ-ეც...გიყვარდეს...გიხაროდენ.“ - მეც საქართველო უფრო ავირჩიე, შვილო, შენი ქვეყანა.
იმას ხმა ჰქონდა რომ, ეკლესიაზე მთვარის შუქსა ჰგავდა.
და ისევ, ისევ ტიროდა ნეტარებით გაოგნებული გოგონა, „მე აქ ასე ძალიან ვარ და... ჩემებმა რა იციან.. - უნდა იცოდნენ წესით, შვილო.
და რადგან გოგონას მაინც შერჩენოდა რაღაც ჩვენური, ქვემოური, იჭვი, რადგან გოგონა მაინც ისევ – როგორის ნაზის მოფერებით – საყვარელი შტერუკანა იყო, დიად ნათქვამზე: „უნდა იცოდნენ წესით, შვილო“, აკი არ დასცდა: „მართლა?“
და ამ უცაბედი შეეჭვებისა გამო შერცხვა და ისე მოიბუზა, გინდაც მის თავზე ხელმეორედ შეემართათ ბარიანი გაწაფული ხელი, მაგრამ დიადმა ქალბატონმა გულზე მიიკრა, დედათაგან უნეტარესმა კარგად იცოდა იქ, ქვემოთ, აქაც, ჭრილობიანი ტკივილის ფასი, რა ხანმა განვლო, მაგრამ შვილის ნალურსმნალები ისევ ტკიოდა იესოს დედას, ვინც ადრე, აქა, გაოგნებული შესცქეროდა ბრბოს, გაავებულ, სიმწრით დაღმეჭილ სახეებს, რომ უსასრულობამდე უკეთესი ძე კაცისაი მოუვიდათ და იხილეს, იხილეს, ნახეს, დაიჯერესა და ამიტომ სიმწრით გაჰყვიროდნენ: „ჯუარს აცუ, ჯუარს აცუ ეგე!“, და თავიანთი ვითომც მოქნილი და მაინც უგუნური ჭკუით დასცინოდნენ კიდეც, ვითომ – ბასრ ეკალთაგან შეთხზული გვირგვინი დაადეს თავზე - “მეუფე ხარა?“, და ყუჩ იესოს ნათელ შუბლზე ცისფრად ფაქიზი სისხლი სდიოდა, იცინეს, იცინეს ვითომ, მერე ისევ გაბალღამდნენ და ისედაც უბრალო ტანსაცმელი შემოაფლითეს, ჯოხებს ურტყამდნენ, ყვრიმალში სცემდნენ, ჰნერწყვიდნენ კიდეც!, უბადრუკები, იმას ჰნერწყვიდნენ, ვინც ერთხელ,,უპყრა ხელი ბრმასა მას და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ჰნერწყვიდა თვალთამისთა“, და მოარჩინა, და სწორედ იმას, იმ ნერწყვის მალამოდ უფალს, თავიანთი ბინძური და გაცოფებულის დუჟით ჰნერწყვიდნენ, გიზგიზა ბოროტებას შეცოცებულებმა, აღარ იცოდნენ ერთიმეორისათვის იმ თავიანთ საქმეში როგორ ეჯობნათ და, უკვე ჯვარზე მილურსმულს, მწყურვალს ისე რომ, ჩვეულებრივი ადამიანივით, დაიკვნესა კიდევაც:,,მწყურის“, და ორიოდ ყლუპ წყალს კი არა, შუბზე წამოგებულ ძმრიან ღრუბელს აჩრიდნენ იმ ბაგეებში, რომელთაგანაც ბევრჯერ ითქვა:,,გვიყვარდეს ერთმანეთი“, და მერე იმის სიკვდილს ვეღარც დაუცადეს და ბინძურსულსწრაფობით მკერდში აძგერეს მახვილი, მაგრამ იმისადმი სიძულვილი გასაგები იყო, რადგან მთელის არსებით შურდათ, თუმც თავიდან მისი არსებობა ხალხის ჯგროს კი არა, შედგომილებსაც კი უკვირდათ:,,მოძღუარ, არა ჰზრუნავა, რამეთუ წარვწყმდებით? და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ. და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. და ჰრქუა მათ: რაისა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაი? და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაიცა ერჩიან მას?“, სხვებმაც გაიგეს, და დაინახეს დიდშემძლეობა მისი, და იცოდა დიდმა მარიამმა, კარგაფ იცოდა შური – ადამიანთა ზნე, მაგრამ ამან, ამ გოგონამ, ასე პატარამ, რა დააშავა რომ საგულდაგულოდ ალესილი ბარი – ყოვლად შეუსაბამობავ! მიწა-კეთილის იარაღი! - აღმართეს მასზე!!, და კარგად იცოდა ყველაზე დიდმა ქალბატონმა ტკივილის ფასიც, რადგან იმისმა შვილმა იესომ, ჯვარზე გაკრულმა, ზედ მოკვდომის წინ ვეღარ მოითმინა და დაიჩივლა, ასე წამოსცდა:,,ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?“ და,,,ხმა-ყო იესო ხმითა დიდითა“, და ორიოდ დღით მიიცვალა, და თუმც ახლა ყველაზე დიდი ქალბატონის ერთიღა შვილი იესო ქრისტე, ნაზარეველი, თავად თავადი, ყველაზე დიად სამხმოვანებაში უზენაესის შემდგომ ჟღერდა, იმ ნალურსმნალებს მაინც, ახლაც კი, აღზევებული, დაატარებდა და მზე-მარიამმა ისევ მაგრად ჩაიხუტა გულში გოგონა, ჭრილობაზე აკოცა, უთხრა:
მართლა.გოგონა კი ძალიან დაიხარა და ფეხზე კოცნა ვერ გაუბედა, კალთაზე ემთხვია. მთელი თავისი არსებით ეამბორებოდა ტანსაცმლის კალთას და იქვე ორი ლამაზი ფეხის მტევანი დაინახა, ოღონდ მთლად დაკაწრული, გადაყვლეფილი.. - ნინოა ესე, ჩემი და შენი.ეთქვა.