გურამ დოჩანაშვილი - / -****ორნი აქა - იქ****- / - ნაწილი 2- ქართული პროზა ბლოკჩეინზე

in #georgian7 years ago (edited)

ორნი აქა - იქ

გაგრძელება

რამდენამდე ადრე კი, აქა:

ეს მართალია, მე შენი დედა...?

რაა მართალი, მე შენი დედა...?

შენზე ამბობენ, ბიჭი შეეძინაო, ეს მართალია, მე შენი დედა...?

კი, კაკრაზ გუშინწინ, მე შენი დედა...

მერედა, არ აღვნიშნოთ, ნაძვები მწვანე?

აიღეს და აღნიშნეს.
სუფრა იყო რომ? სულო და გულო: ორი პორტვეინი, მჟავე კიტრი, ორიც მოხარშული კვერცხი, პიჩენია, ორი ჭიქა, რამე.
კედელზეც, ხილის კაი ნატურმორტი ეკიდა, ფოტოაპარატით დაფიქსირებული.
მაგრამ ადამიანის გული – საწყაული აღუვსებელი:

თითოც ხომ არ დაგველია? მეძავი.

რა ვიცი მე, მეძავი.

მე აქ... მე... მთელი სამოცდათორმეტი კაპიკი მაქვს... ახალი ფულით. არა,

მხოლოდ სამოცდათერთმეტი ყოფილა.

შენც აიღე და ბოთლები დაამატე. მეძავი.

არ მაქვს მე.

როგორ არ გაქვს, გუშინ დაგინახე.

კარგი. ეჰ.

ხოდა, ნუ, სამ პივაზე გვეყოფა, მეძავი.

რაო, რა სახელი დავარქვიო?

სტასიკ.

ეს სტასიკს გაუმარჯოს, მე მაგის დედა. - თქვა სტასიკის მამის მეზობელმა.

მეც მაგის დედა. ბევრჯერ. უკვე. - თქვა სტასიკის მამამაც.

რა სჯობს კარგ ქეიფსა და დროსტარებას.


სამხმოვანების მესამე, წინა ორსავით მარადი ბგერა, სულიწმიდისა, ახლა დიდ ბაღში ბზინავდა, ჟღერდა.

შენი კუთხეა.

ბაღი იყო რომ, როგორი მერე... არსად ენახა ასეთი უცხოდ ფერადოვანი ყვავილები, ბაღი იყო რომ, რა მოხატული, სურნელი იდგა? იქა, მეორეს არცერთი ჰგავდა, და ყოველისგან, ახალ-ახალი სურნელისთვის თუ დაიხრებოდა, საოცრება რამ ამოდიოდა, მოტივტივებდა: ხან საოცნებო ხმები ამოჩქეფდა, ხანაც ნახატებს ხედავდა დიადს, ზოგისგანაც კი, ისე მართალი და სწორად ძნელი, სანუკვარი სიტყვები ესმოდა, ამ სიდიადით ითრგუნებოდა და მაინც, მაინც მაღლდებოდა ერთი პატარა ქართველი გოგონა,

ამას რა ჰქვია, დეიდა წმინდა ნინო?

იაკობი.
გოგონამ ყური ნეტარებით მიუგდო და, წამოიძახა:

სწორედ ახლახან გვასწავლიდნენ... ცურტაველია არა?

ცურტაველია, შვილო.

ცოტათი იქით ყვავილი იდგა? გონიერი და შემართული, წმინდა ნინოსკენ მორჩილად და მოწიწებით თავდახრილი მაინც, ყვავილი კი არა, უფრო ყვავილის დიდი ხე იყო, დაბინდული რამ შვინდისფერი გადაჰკვროდა, როგორ ნათობდა, კრძალვით ასცქეროდა გოგონა,

და ამას, დეიდა წმინდა ნინო?

მაგას, დავითი.

ვიცი, კი, ვიცი, - ძალიან გაუხარდა გოგონას, აღმაშენებელია არა? დიდგორის კაცი.

აღმაშენებელია, შვილო. თავის ძნელ დროში საქართველო მაგან გადაგვირჩინა.

ვიცი, ვიცი, - გახარებული ჟღურტულებდა გოგონა, - მაგან, ძალიან დიდმა

კაცმა, თურმე ძალიან კარგი ბრძოლა იცოდა, მაგრამ თან თურმე სნეულებისთვის და ობლებისთვის თავშესაფრებს აგებდა და ძალიან ბევრი ეკლესია ააშენა, და ლექსებსაც წერდა, იცით, მე ერთხელ გელათში ვიყავი ექსკურსიაზე დეიდა წმინდა ნინო, ისეთი კარგი იყო? ორი დღით ვიყავით, ხაჭაპური, ნამცხვრები, ფხალი, ლიმონათი გვქონდა ექსკურსიაზე წაღებული.

ეგ ექსკურსია არ იყო, შვილო.

აბა, რა იყო? პიონერხელმძღვანელმა ასე გვითხრა.

ექსკურსიაზე სხვაგან მიდიან. გელათი შენი ადგილია.

მართლა? - და გული დაწყდა, - რა კარგი იყო მაშინ?!

ახლაც კარგია... აიხედე.

გასაოცრებავ! უზარმაზარი ყვავილის თავზე, უზარმაზარივე, ძალიან მძიმე და თან ჰაეროვანი ბრძენი შენებულებაი დატივტივებდა, ყვავილხეს, დიდ მეფეს, დავითს, შარავანდედთან ერთად ადგა.


სტასიკი უკვე მოზრდილი იყო, უკვე მსმენელი გახლდათ, როცა როგორც სწავლისა და სამსახურის წარჩინებული, სხვა სწავლისა და სამსახურის მსმენელებთან ერთად, მთავარ ექსკურსიაზე წაიყვანეს. იმსიგრძე რიგი ძეხვის რიგშიც კი არ ენახა თავისი ოლქის მთავარ ქალაქში სტასიკს. მთელი ოთახი საათი და ნოლ-ხუთი წუთი თან იდგნენ და თან წინ მიიწევდნენ, წინ. მაგრამ დრო შედარებით კარგად გადიოდა, რადგან ცდაში სასტიკი მოწიწებით შეჰყურებდა თანამედროვეობის დიდი პოლიტიკური მოღვაწის, ვინც თავის დროზე მეორე მსოფლიო ომის ბედი ხელჩართულ ბრძოლებში გადაწყვიტა, ამჟამად კი აღიარებულის წარმატებით აგვირგვინებდა შინა და საგარეო მოღვაწეობის პოლიტიკას ერთდროულად, სტასიკი მიჩერებოდა და შეჰყურებდა ხალხთა ძმობისა და სოლიდარობის სულისჩამდგმელ და სწორუპოვარ, წარბებიანი ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის დიდ (17მx14), ამაღელვებელ სურათს.
„მე მაგის მეათედი ჯილდოები და ზვანიები მომცა?“ - შურნარევი მოწიწებით გაიფიქრა სტასიკმა, მაგრამ შეცბა- ხუთ ვარსკვლავს რა გაჰყოფდა ათზე ანუ ერთს შუაზე, ეს ხომ მკრეხელობა იყო, და, ამიტომაც, ოცნებრივად გათამამდა: „ნეტა ძვირფასი ლეონიდ ილიჩის ჯილდოები მომცა და... ოლქში პირველ კაცად დავბრუნდებოდი. ოღონდ მარტო კუთვნილი შვებულების დროს. ცოტა ხნით. ვიტია გაგიჟდებოდა(მეზობლის ვიტია მასზე უფროსი იყო და ამიტომ ბავშვობაში ხშირად სცემდა იგი მას). კუთვნილ შვებულებას კალორიებ ულტრა-იისფერსხივებიან ნეტა უწვიმო კრიმში გავატარებდი, ჩვენს თურმე ძალიან ვიტამინებიან სასადილო-სანატორიუმში, სადაც თურმე მინიმუმ პადპალკოვნიკები საბრძოლო მზადყოფნის განმტკიცებისათვის ისვენებენ. გავირუჯებოდი, როგორც მოძმე „ხალხი.“
ასე ოცნებობდა სტასიკი, ასეთი იყო ახალგაზრდა სტასიკის ვნებანი, მაგრამ ჯერ, ამჯერად, რიგში, კრიმი კი არა, ძალიან ციოდა.


ისედაც გასიებული გული მდუღარე ნაცარში ეთუთქებოდა მონადირეს. გოგონას საწერ მაგიდას და მის ყოფილ ნივთებს ათვალიერებდა. ბურთულიანი საწერ- კალამი, ლურჯი... ბოლომდე ვერგაცვეთილი წიგნები - გეოგრაფია, ალგებრა, ბოტანიკა... გეომეტრია, სხვისი ისტორია და მშობლიური ენა, მშობლიური ლიტერატურა – ილიაიანი, აკაკიანი, ვაჟაიანი... შოთაიანი! ინგლისური ენა, საერთო რვეულები... და ერთიც – ყველაზე მთავარი რვეული, სასთუმალქვეშ საიდუმლოდ შენახული – დღიური გოგონასი: „ჩემი არავის ესმის...“ „დღეს კარგად წვიმდა...“ „მე მიყვარს...“
პატარა კაბა... პატარა ფეხსაცმელი... მძივი...

მონადირეს ვეღარ შეეძლო მეტის ატანა, მონადირემ იცოდა, რომ, სანამ გოგონა თავის ღამესათევ ხალხს შეუერთდებოდა, ცოტათი ჩაფიქრდა და მერე თბილი წინდები ჩაიდო პატარა ჩანთაში - „არ გავცივდე“.
გააცივეს და... როგორ!
მაგრამ ეს მხოლოდ აქა, მიწაზე.


იქა კი:
დიდი სათუთი ყვავილოვანი ბუჩქი იდგა რომ? -,,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო...“ - სულ ფირუზად და სულ ზურმუხტად აალებულიყო, წვით ციაგებდა.
ბუჩქიც იყო რომ? ბრძენი, გონიერი, დაფიქრებული, იქაურობას დარდიან სურნელს მიმოჰფენდა -,,ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია...“ - ბუჩქი იყო რომ, იქაურობის სინდისი და ნამუსი.
და, ბუჩქიც იყო, მინდვრის ყვავილებით ჭარბად მოხატული, ალაგ კი – ვარდებამოყრილი, რა ფერად აღარ ხასხასებდა -,,რამ შემქმნა ადამიანად, რად არ მოვედი წვიმადა“ - სურნელი ჰქონდა? ბარბაცებდი...
იმ სიბრძნის ბუჩქთან შეჩერებულიყო გოგონა, ხარბად ისუნთქავდა. იკითხა მერე:

და, მართალს, რატომ ესროლეს, დეიდა წმინდა ნინო?

ესროლეს, შვილო.

ყველა მკვლელი მართლა ქართველი იყო?

ქართველი, შვილო. და კიდევ სხვებიც. უარესები.

ახლა სად არიან?

სხვაგან არიან. იმათთან შენ არაფერი საქმე არა გაქვს, შვილო.

გოგონამ უკვე იცოდა წმინდა ნინოსგან რაღაცეები, მაგრამ ბევრ რამეს ვერა ხვდებოდა:

ანდა, ბარაბა რატომ განუტევეს? თვით იმის ნაცვლად...

ამ ბუჩქთან მოდი.

დიადი ბუჩქი ამოზრდილიყო რომ? თვალუწვდენლად უხვფოთლება, ისეთი ლამაზი და მშობლიური ფოთლები არსად ენახა, ფოთლები ესხა? - დედასავით, არსად ენახა იმდენი დედა, და ყოველ ფოთოლზე დედის სხვადასხვაგვარი, მალამოსავით სიტყვები ეწერა, წმინდა ნინომ კი ერთ-ერთი ხელისგულზე დაიდო, სახესთან ახლოს მიუტანა, რა ეწერა და:

„ბარაბა – განვრცობა“.

სულხან-საბასია, დეიდა წმინდა ნინო?

სულხან-საბაა, შვილო. და ეს მთავარი ბუჩქი შენი ენაა, მშობლიური, სამუდამოდ დალოცვილი მზე-მარიამისგან.

გოგონას აღარ შეეძლო მეტის ატანა, და შვების ბუჩქთან მივიდა, დადგა:
„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო“,
კარგი რამ იყო სტასიკის ოლქი: აქეთ წახვიდოდი, ბარი იყო, იქით წახვიდოდი – იქითაც ბარი. გაიხედავდი, ბარი იყო, გამოიხედავდი – მაინც ბარი. მოსაწყენი იყო ძალიანი. კიდევ კარგი, უფროსი ვიტია ორფეროვნებისათვის სცემდა მაინც, იგიც მოწყენილი იყო. საქმე თავიდანვე უნდოდათ. არადა, ბარი დაჰყვა და დაჰყვა. სტასიკი ბარში დაიბადა.

ეს რა მღვიმეა, დეიდა წმინდა ნინო?

შენია, შვილო.

მღვიმე რამ იყო? გრილი, საამო, წყნარი, თითქოსდა სევდასავით, მაგრამ სევდა კი არა, განუზომელი უბედურება და ჩუმი ვაება ტრიალებდა იქ, მღვიმის კედლებზე სუფთა წვეთები მოჟონავდა, და გოგონა როგორც კი შევიდა, მთლად დაიცვარა მღვიმის კედლები, ჟონვამ იმატა, დაცხა, და რაღაც მშობლიური რომ იგრძნო გოგონამ, პატარა პეშვი შეუშვირა ჩამონაჟონს, სახეზე მოისვა, ყოველი წვეთი ეფერებოდა, მალამოდ შეეჟღინთა, არადა, მხოლოდ მლაშე კი არა, ცხარეზე ცხარე და მდუღარე წვეთები იყო,

დეიდა წმინდა ნინო, ასეთი ცხელი, რაა?

ეგ დედაშენის ცრემლებია, შვილო.

და აქ გოგონაც ძალიან ატირდა, და, მერამდენედ:,,მე აქ ასე ძალიან კარგად ვარ და... იქ რა იციან,“ დამნაშავესავით ჩაქინდარა თავი, მღვიმის იატაკზე კი დაბზარული ქვა იდო, ისე დაბზარული, გოგონამ ვეღარ მოითმინა, დაიხარა და სველი ხელისგულით მიეფერა, უცაბედობით, თავისი ცრემლიც დააწვეთა და, შეკრთა – უფრო გაბზარა, დაიხია,

დეიდა წმინდა ნინო, ასე ძალიან დაბზარული, რაა?

ეგ მამშენის გულია, შვილო.

კიდევ კარგი რომ, მთელი იმ კუთხის იქაურობა, ის ბუჩქები და ხედ ყვავილები, აის ბალახი, ადამიანთაგან ერთი კაცისა, რუსთაველისა იყო, კიდევ კარგი რომ, გაისმოდა და უზენაეს ხმას შეერთვოდა:
„რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,“


ნაპლეე-ჩოუ!

ერთ-ორ! - სტასიკი სხარტად ასრულებდა პრიკაზებს.

კნაგეე-ე!
ერთ-ორ-სამი.
ნალეე-ვოუ!

ერთ-ორ.

შაგოომ... მარშ!

ერთ-ორ, ერთ-ორ, მიდიი... რომელი ჯარისკაცი არ ოცნებობს გენერლობაზე, თანაც, სწორუპოვარი მხედართმთავრის, ვინაც მეორე მსოფლიო ომი სულ ხელჩართულ ბრძოლებში ერთიპიროვნულად მოიგო (ალბათ კარატე იცოდა კარგი), უხვებწარბება ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის აღმაფრენულად დახატული პორტრეტი ყოველ ყაზარმაში თვალსაჩინოებისათვის ეკიდა. ლეონიდ ილიჩ იმდენად მაგარი იყო, რომ მშვიდობიანობისასაც კი მარშალი გახდა, აფერუმ! ლეონიდ ილიჩს კალამი უჭრიდა? სულ რაღაც ორიოდ წელიწადში საწყალ პუშკინზე გაცილებით აუარება ლაურეატობები ორივე ხელით მოხიკა, საღოლ! მალადეც! სულელი ეძახე შენ... და ქმრებდასაწინაურებლად ჰგიჟდებოდნენ მასზედიდპორტმონეიანი ტიტველ-მანდილოსან-სუქან-სუქანი ქალები, და კაცმა არ იცის, რომელი ჰქონდა უფრო ბასრი ლეონიდ ილიჩს – ხიშტი, კალამი თუ უძრაობაო, შემდგომ რომ იმის ეპოქას შეარქვეს შურიანებმა – რისი უძრაობა, თავად ლეონიდ ილიჩს სულაც რომ თავი გავანებოთ, იმისი საკუთარი ოჯახის ერთ-ერთ წევრსაც კი მოძრაობები სცოდნია ისეთი? - რისი ვაჟკაცი და მამაკაცი... მერედა, რორგორ დააწინაურა გინდა სოფლის მეურნეობა, გინდ ტრაქტორული ინდუსტრია, ან აღებ-მიცემობის ტექნიკა და ანდა სოციოლოგია თუნდაც? ნამდვილი სოციოლოგები გავხდით, შედარებები ვიცოდით მშვენიერი, თვალსაჩინოებისათვის თუნდაც 1913 წელი ავიღოთ, ჰოიი, როგორ დავწინაურდით? - აბა სადა ჰქონდათ მაშინ ამდენი მტრის ჯინაზე აჩახჩახებული 220 ვოლტიანი თავად-ილიჩის ნათურა, ტელევიზორი ხომ მაშინ თვალითაც არავის ენახა, ახლა კი ზოგს ორიც აქვს, რისი მაგნიტოფონი კი არა, ჩამორჩენილებმა, რადიო რომ რადიოა, რადიოც კი არ იცოდნენ, დიქტორებიანი რადიოც კი არ მოეძევებოდათ, და ტელეფონი რომ ტელეფონია, ისიც კი უნდა დაგექოქა, მაჯა-ენერგია სჭირდებოდა იმასაც, ეს იყო საქმე? თუმც უკეთესად მუშაობდა... მაგრამ თუნდაც ჩვენი ახლანდელი უბრალო ნივთი – ელექტროსაპარსი, აბა სად იყო მაშინ განა? სოფლის მეურნეობითაც მთელ ოთხ აფრიკულ სახელმწიფოს, სადაც მერე რა რომ წიწაკოვანი გვალვები იყო, პირწმინდად გადავახტით, მედიკამენტები და ერთჯერადი შპრიცებიც მრავლად გავუგზავნეთ, და ახლა მსუბუქ მრეწველობას აღარ იკითხავთ?აბა რომელი რაგინდ თავმომწონე ძველი ქვისხანელი არ ჩაიცვამდა მწერალ-კარატისტ ლეონიდ ილიჩის დროს გამოშვებულ ტელაგრეიკას? ეგ კი არა და, ვალენკებზე შეიძლება ნეოლითის დაწინაურებულ ხანაშიც კი და-გაგიჟებულიყვნენ. გარეგნობაც რომ ხელს უწყობდა? გარეგნობითაც, ჯმუხი რომ იყო? ისე თავისუფლად შეგეძლო გეყვირა: „ლეონიდ ილიჩ, ჩვენო ძალიან ძვირფასო, შენ კი გენაცვალე მაგ შავ წარბებში“ -ო, არავის შეეხამუშებოდა კი არა, უძრაობა ეძეხე შენ და, დაგაწინაურებდნენ, წინაურდებოდა ხალხი. ერთი ეგ იყო, ყბა არ უვარგოდა... რადგან იმდენად კაცთმოყვარე იყო, ქალებზე მეტად ერთგულად მაქებარი კაცები ჰყავდა ნაკოცმ-ნაპროშტნი, და ყბა ამაში იტკინ-გაცვითა. კოცნა სამობით უყვარდა გენერალურს... მარშალი იყო და, თავმდაბლობით, მხოლოდ გენერალური დაირქვა. ერთიც, ძლიერ გულდასაწყვეტი ის იყო, კომპოზიტორობა არ დასცალდა, ახალი ჰიმნი ჰქონდა ჰომო-პროშტნუსს ჩაფიქრებული, სულ წკლაპა-წკლუპა ნოტებიანი.
ერთ-ორ, ერთ-ორ, ყალიბდებოდა სტასიკ.


„დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო...“
რატომ უყვარდათ, ნეტავი რატომ უყვარდათ თავიანთი სამშობლო, საქართველო, ასე?
„ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქებით მიწას ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე,
ძილშიაც ამას ვდუდუნებ...“
ალბათ რაღაცა იყო, ნაღდად იყო საქართველოში ისეთი რაღაც, რომ,

დეიდა წმინდა ნინო, მე მეჩვენება, თუ საქართველო მართლა კარგია?

მხარზე დაედო წმინდანის ხელი:

  • წამოდი, გაჩვენებ.

სად წაიყვანა და, ხალხის ჭალაში.
ირგვლივ, მდინარე დაბრუნავდა, წყაროზე წმინდა..
გაბრუებული იდგა გოგონა – ცეკვები ჰქონდათ? რომელსაც სხვა ვერ გაიგებდა: სხვა, დიდი-დიდი, აღფრთოვანებულიყო
სიმღერები ჰქონდათ? რომელსაც სხვა ვერ ჩასწვდებოდა, სხვა, დიდი-დიდი, აღტაცებულიყო.
ფრესკები ჰქონდათ? მოიხიბლებოდნენ სხვებიც.
ეკლესიები ედგათ? ციდან სულის მყარ მალამოდ დაკიდებულნი, გული ჰქონდათ რომ? სხვა ვერასდროს დააფასებდა...
და, დიადი ხალხური პოეზია ჰქონდათ ისეთი, რომლის გაგებაც სხვას არ ეწერა.

განა შეიძლება რომ, ხალხს ამისთანები შეექმნას და, თან, ცუდიც იყოს, შვილო?

და გოგონამაც ძალიან გამოიდო თავი:

  • არა, ეს როგორ შეიძლება, ეს არ შეიძლება, რომ ხალხს ამისთანა... ეე,შემოქმედება ჰქონდეს და თან ცუდიც რომ იყოს, დეიდა წმინდა ნინო, შემოქმედებაში ხომ ყოველივე ის, რაც...

ყური დამიგდე.

... მიჩერებოდა.

  • აქ შენი კუთხის მხოლოდ ყოველივე საუკეთესოს ხედავ, შვილო,ის სხვები მამამ არ დაგანახა, შენი თვალები შეებრალა. მეც მეცოდები იმათ შემყურედ, თქმით კი, გაგიმხელ. ბევრი გვყოლია უღირსი, შვილო.მოღალატეები, გამყიდვლები, სხვისა ჯიბისა თუ დიდების მასუქებლები, სხვისა ჩინ-მენდლების გაფაციცებით მაძიებელნი, ერთმანეთს ვყიდდით, მტერთანაც ბევრი გვილაქუცნია, მაგრამ იცოდე – საქართველოში რაღაცა ცუდი თუმც ყოველ მოსახვევშია, კარგი – მის ყოველ ცდაშია, შვილო.მაგრამ ადამიანთა სენია, კარგზე მეტად რომ ცუდი შეგნიშნონ, აგერ, იმ ორს, საქართველოში დაბადებულებს, ლამის არი სულ ერთიანა გადაგვაყოლონ და, ის არ იციან თუ ვერ ახსოვთ, რომ სხვაგან ოხრულ-მარჯვედ შეკოწიწებული წყეული სულით, სხვა ყველაფერი იყვნენ ის ორნი, ქართველთა გარდა. არადა, მესამეს, ეგებ იმ ორზეც კი უარესს, დიდ პატივს სცემენ, ქარხნებს, რაიონებს, ქალაქსაც კი დაუტოვეს იმისი გვარი, ეგებ იმიტომ აფასებენ, საქართველო რომ კარგა უხვად გაასაჩუქრა.
  • მე ერთხე ლიმის ძეგლს დიდი პამიდორი ვესროლე და შიგ მხარში მოვარტყი! -გახარებულმა წამოიძახა გოგონამ.
  • თუთ... - გაუღიმა დეიდა წმინდა ნინომ, - შე ყაჩაღანა... შენ გენაცვალე, - გულზე
    ძალიან ფრთხილად მიიკრა გოგონას ჭრილობიანი თავი, თუმც იქ არავის არაფერი არა ტკიოდა.
  • იმას ვამბობდი, ცუდის შენიშვნის სენით რომაა შეპყრობილი ხალხი, სხვისადმი -მით უმეტეს. ვაშლის ან ყვავილის ორი გამყიდველი რომ დადგეს სხვის ვრცელ ქალაქში დახლთან, ნახევარი ქალაქი შეამჩნევს და ამას დიდად აღნიშნავს ხოლმე, ხოლო ილიამ და აკაკიმ რომ ჩაიარონ იგივ ვრცელ ქალაქში, არად ჩააგდებენ, ერთადერთი, სილამაზით თუ მიიქცევენ მზერას.
  • დეიდა წმინდა ნინო, - შეაცქერდა გოგონა, - ილია და აკაკი მართლა ლამაზები იყვნენ?
  • ძალიან, შვილო. აბა ილიას თვალ-წარბი გაიხსენე, - და ძლივს, წვალებით დაამატა: - შუბლი... მოწიწებით ასცქეროდა ჩახუტებული, ყუჩი გოგონა:

თქვენ ჩვენთან, მცხეთაში, ძალიან შორიდან მოხვედით?

შორიდან, შვილო. კაპადოკია გაგიგია?

არა.

უფრო შორიდან მოსული ვარ.

და სხვაგან არსად შეჩერებულხართ?

არა. საქართველოში თვით ღვთისმშობელმა გამომაგზავნა.

გოგონა დუმდა. იკითხა, მერე:

დეიდა წმინდა ნინო, საქართველოს რა ეშველება?

ნუ გეშინია, შვილო. უფრო ცბიერი და ცბიერი მტრებიც გვყოლია, მაგრამ ხომ გესმის, ახლაც ქართულად ვლაპარაკობთ. ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, შვილო. გადაშენება და გადაჯიშებაც იმათი ხვედრია, ვისაც ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და, ბუნებრივია, რაც არ გააჩნიათ, იმას ვერ ებღაუჭებიან ხოლმე. შენს ბაღს კი, რა წაშლის... ნუ გეშინია. დიდ წინაპართა უყოლობამ, ბლომად შურიც იცის ხოლმე, არაა დიდად გასაკვირვი... აგერ, ერთ უწინაპრო ქაღალდის კაცს შურმა ისიც კი ათქმევინა, რომ ქართველები ავადმყოფი ერი ვართ თითქოს... ურიგო მწერალი არაა სხვათაშორის, სხვათა შორის რიგიანი მწერალია... უწინაპრობამ შეაჩვენა... ჩვენს დანახვაზე ძალიან შეცბა, რადგან თავისდა ვერაუხსნელად, ჩვენს დანახვაზე რაღაცა მდგრადი, უცხო და უნებური სიამაყე შეგვამჩნია, და ვერ იგუა, ავადმყოფობით ახსნა ვითომ, არადა, შვილო, არ ვატაროთ მხრებითა და თვალებით შოთა? სულხან-საბა და გიორგი მთაწმინდელი? ვაჟა, აკაკი, ილია მართალი? გურამიშვილი, ბარათაშვილი? არ გვახსოვდეს და არ ვიამაყოთ წამებული ქეთევან დედოფლით? უწინაპროები არიან სწორედ, იმ უბედური აპრილის შემდეგ, ყოვლად ბუნებრივი, ადამიანური თანაგრძნობის ნაცვლად, უმადურად შემოხიზნულებმაც, გადამთიელებმაც, თანადგომის ნაცვლად... შურია, შვილო – გველის თავები წამოიმართნენ, გველის ენები გამომზეურდნენ!
გაოცებული შესცქეროდა გოგონა, ვერ წარმოედგინა, დეიდა წმინდა ნინოს საამური ხმის ასე აწევა და განრისხება თუ შეეძლო.
ძლივს გაუბედა:

და... საქართველოს, რა გადაარჩენს?

და კვლავაც თავზე, ჭრილობაზე დაედო ხელი:

  • ისმინე, შვილო.
    აის დიადი სამხმოვანება, მამისა, ძისა და სულიწმიდისა, ჟღერდა. მთლად ბუბუნებდა იქაურობა, ადამიანებისათვის გაისმოდა უხვად ამაღლებული, და ჭეშმარიტი ხმები, გოგონას თავზე სიყვარულითა და სასოებით დასცქეროდნენ თვით თავად მამა და ძე იმისი და გაისმოდა მათი ერგული მოციქული ბახი სულიწმიდა კი დიდად ნეტარი მოცარტში იდო. მაგრამ ადამიანის სული ხომ – საწყაული აღუვსებელი და კიდევ რაღაც მაინც სურდა ამ აღზევებული ბედნიერებით თავზარდაცემულ გოგონას და წმინდა ნინოც მაშინვე მიუხვდა ბორცვზე ავიდა წმინდა ნინო შემოუბრუნდა, მარჯვენა ხელი შორიდან მიაპყრო ხელით კი ჯვარი ვაზისა, ვაზის ნასხლევი, ეპყრა, და სამთავე ხმას ისე შეერწყა, ისე შეუდგა ერთი ჩვენი რამ საგალობელი...
    „შეენ ხარ ვენახი“, იყო.
    და ყველაზე დიდი ქალბატონის, მზე-მარიამის, ვრცელი მფარველის, ხმაც ჩამოესმა.

განაგრძე კითხვა ..